ტერენტი გრანელი - მოდის ზამთარი, თოვლი და ყინვა

,
მოდის ზამთარი, თოვლი და ყინვა,
თოვლის და ყინვის ცისფერი წვეთი.
სნეული სახე დ სიკვდილის წინ ვარ,
სიკვდილის წინ ვარ მე, როგორც გედი.

დავდივარ ღამით და მე ვარ თოვლი,
და მე ვარ ნისლი, და მე ვარ წვიმა.
და სულს ცეცხლისკენ მივყავარ თრთოლვით,
ისე ვარ, როგორც ვიყავი წინათ.

ბედის სიშორეს ქარივით მისდევს
რიცხვები გლოვის და აღშფოთების.
თბილისის კვამლში ვეხვევი ისევ მე,
თანამგზავრი მკვდარი ფოთლების

ტერენტი გრანელი - თოვლი

,
ციდან ჩამოდის ფიფქი,
ისმის ზარების გლოვა.
და განუწყვეტლივ ფიქრი,
და განუწყვეტლივ თოვა.

დღეს მიხარია ღამე,
მაღლა ზეცისკენ მივქრი.
და თოვლიანი ღამე,
და თოვლიანი ფიქრი.

როიალის ხმას ვისმენ,
მიდის ზეცისკენ ბოლი.
დაფენილია ისევ
თეთრ ქაღალდივით თოვლი.

ტერენტი გრანელი - ბაღში ქარია ისევ

,
ბაღში ქარია ისევ
და კვიპაროსის რხევა.
გული წამებას მისდევს
და უიმედო დღეა.

ასე დადიან ირგვლივ
და ასე გადის წამი.
ჩემი მდუმარე ფიქრი
ტყვეა ცისფერი ღამის.

და მაგონდება ისევ
ჩემი დის ბავშვი უჩა.
მივყვები გრძნობას ცისკენ,
მივყვები კამოს ქუჩას.

ბაღში ქარია ისევ,
ლექსი შეღება სისხლმა.
ყოფნას ვიგონებ ისე,
როგორც შორეულ სიზმარს.

ტერენტი გრანელი - მიდის ეს ხანა, მიდის ეს ფიქრი

,
მიდის ეს ხანა,
მიდის ეს ფიქრი.
და ეს ქვეყანა
დარდისკენ მიჰქრის

და ეს ქვეყანა
დარდისკენ მიჰქრის.
მიდის ეს ხანა,
მიდის ეს ფიქრი.

ტერენტი გრანელი - ფიქრი, ყოველ წამს ფიქრი

,
ფიქრი, ყოველ წამს ფიქრი,
გუშინაც ასე ვწერდი.
თეთრი ოცნების იქით
ვხედავ შორეულ წერტილს.

ვატყობ, ცრემლია იქაც
და გრიგალია სულში.
ვიღაც პატარა ციგანს
ხელი გავარტყი გუშინ.

და მე გადავრჩე ეგებ,
კარგი დარია დღესაც
ვდარდობ და ზარებს რეკენ,
ვდარდობ და ვზივარ ხესთა.


ტერენტი გრანელი - გული ქარისკენ

,
ჩანს დღეა თბილი,
თანაც ქარია.
დავყურებ თბილისს
და მიხარია.

და მზიან ამინდს
შვენის წუთები.
მოვა სხვა წამი
და შევწუხდები.

მზე სხივებს გაშლის,
როგორც კრებული.
ვარ ისევ ქარში
გაჩერებული.

ტერენტი გრანელი - ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას

,
ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას,
და ვატყობ დ თავო, რომ იღუპები.
ალბათ საღამოს დაიწყებს წვიმას,
ზღვისკენ მიდიან შავი ღრუბლები.

ისევ ფიქრია, ისევ მარტო ვარ
და მივსდევ გრიგალს, დღეების მხლებელს.
მე ვსტირი ქვეყნის უკუღმართობას
და ჩემს დაღუპვას აუცილებელს.

ეს დღე და ღამე მუდამ ორია,
და ქრისტე ყვავილს ისვრის მთვარიდან.
და ჩემი გული დღეს როგორია,
და მე რას ვეძებ, და მე რა მინდა.


მურმან ლებანიძე - გალაკტიონს

,
ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა:
იწვა გალაკტიონი და თავისას ფიქრობდა.

აღმართ-აღმართ მდინარე მთაწმინდისკენ დიოდა:
იწვა გალაკტიონი – მოხუცს ბეჭი სტკიოდა.

ალბათ, შუბლიც სტკიოდა – მაინც, მეფურ იერით,
იწვა მკერდბუმბერაზი, ხნიერი და ძლიერი.

რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:
იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი –
იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა
და რაც ახლა ხდებოდა, – მისი ჟინი მართავდა…

აკაკი წერეთელი - ყმაწვილი და პეპელა

,
ჭრელი პეპელა დაათრო
და გააბრუა იამა...
მას მიეპარა ყმაწვილი,
დაიჭირა და იამა...

ალერსით უთხრა: „პეპელა,
თავს რითი ირჩენ შენაო?
როგორ არა გღლის მთელი დღე
მოუსვენარი ფრენაო?“

პეპელამ უთხრა: „მინდორში
ვსცხოვრობ მე უზრუნველადო...
იქ ყვავილები გაშლილან
ჩემ საზრდოდ, საწუწნელადო.

გრიგოლ ორბელიანი - სადღეგრძელო

,
თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით,
ფშავ-ხევსურს შვენის აბჯარი,
მკლავით ძლიერით ქართლელი,
ვით ციხე-ბურჯი მაგარი,
ოსი ფეხ-მარდი, მთიული
ბრძოლაში შეუპოვარი!

მესხი სწავლითა ქებული,
გმირი იმერი ზრდილობით
და მშვილდოსნობით აფხაზი,
გურული, მეგრი მკვირცხლობით...

გიორგი ხერგიანი - სინათლის ანგელოზი

,
სიცილ–ხარხარში აწვება სევდა,
თვითონაც იცის, რომ შესცდა მაშინ,
თუ ცხოვრებაში ერთხელ დახატავ,
უნდა იცოდე, რომ ვეღარ წაშლი...

და სიამაყე სევდანარევიც,
უნდა ბოროტით, რომ გადაფაროს,
გულზე ატყვია ნაიარევი,
იცის, რომ ტვირთად აწევს სამყაროს...

მაგრამ არ ძალუძს შენდობის თხოვნა,
ამპარტავნება ჯაბნის სინანულს,
ზეცისა ნაცვლად მიწაზე ხოხვა,
მან ამჯობინა ღმერთის სიყვარულს!!!

გალაკტიონ ტაბიძე - ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში

,
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი,
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

არჩილ სულაკაური - ახსნა

,
დიდი ხნის წინათ რაც უნდა მეთქვა,
ანდა ის,
ახლა რაც უნდა გითხრა,
ნუ გაგაოცებს.
ჩემი სათქმელი ისე ძველია,
როგორც ყვითელი, ბებერი მთვარე
და ახალია,
ვით თანამგზავრი,
ამ ხნიერ მიწას თავბრუდამხვევად
ირგვლივ რომ უვლის და აჭაბუკებს.
შენ გძინავს მშვიდი და ფრთხილი ძილით,
ხოლო მე უფრო ფრთხილი ნაბიჯით
გიახლოვდები
და ჩემი სუნთქვა,
ახლა რომ ქვეყნად არავის ესმის,
ვხედავ,
გაღვიძებს.

ოთარ ჭილაძე - მამა

,
დრო თავისი გზით წავიდა ისევ,
დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის...
მეც გავიზარდე და მერე ვიგრძენ
შეშფოთებული თვალები მამის.

ასე შფოთავენ წყვდიადში ტბები,
ქარიშხალი რომ უნახავთ ბევრი.
ასე ცახცახებს ფრინველთა ფრთები,
ძლივს რომ გააპო წვიმების ტევრი.

მეც ამ შფოთვით და ცახცახით ვცხოვრობ,
თუმცა, ჯერ თითქოს არავინ მერჩის:
ეს _ალუბლების ჩრდილია მხოლოდ,
ეს_გაზაფხული ჩურჩულებს ბნელში...

რეზო გეთიაშვილი - ქაფქაფა ფინჯანი, ფანჯარა და ფერები ჩეფირის

,
ქაფქაფა ფინჯანი, ფანჯარა და ფერები ჩეფირის
მიჰყვები, სიწყნარეა, ბოლოში სიცხარე რომ გაკრავს,
ცოტაც და აღარა ხარ, ცოტაც და მაგიდაზე რჩები.
გვიანო შემოდგომა, ცოტაც და წარსული ხარ მაგრამ
წასვლა, რომ დასაწყისზე ხასხასა დასასრულით მორთო,
სიჩუმეს უცნაურზე უცნაურ უძრაობას უწყობ,
დღეს შენზე გაცილებით ლამაზი არაფერი მოთოვს,
თან შენზე მშობლიურად, თავიდან მშობლიურზე უცხოდ
არავინ გჭირისუფლობს, ჯერ ბოლო აკორდამდე გაძლებ,
ფსკერიდან უფსკრულების აფრენის სწორფერი და ღირსი
ან ბოლო სიყვარულის უფლებას მერამდენედ მაძლევ,
ყველაზე გაცვეთილი სიტყვებით ამიტომაც გიხსნი...

რეზო გეთიაშვილი - ცაც კი დაძველდა

,
ცაც კი დაძველდა (დაუფიქრდი,
უკვე რამხელა
დროა გასული), მიაცოცებს
ღრუბლებად ხავსებს,
გყავს არაფერი (არაფერი),
თუმცა, ნახე რა
შვენიერია - სიცოცხლით და
სიკვდილით სავსე.

ბინდდება, რჩება, აღარ გრჩება
ალტერნატივა,
გრჩება ქალაქი (მისაღები
უკვე სრულებით)
სამოგზაუროდ, განაჩენად,
თანაც ნახე რა
მშვენიერია - ღალატებით,
სიყვარულებით.

შოთა ჩანტლაძე - მანიფესტი

,
ბატონებო და ქალბატონებო,
ეს გახლავთ ჩვენი უკანასკნელი სიტყვა,
ჩვენი პირველი და უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ეს:
პოეტები დაეშვნენ ოლიმპოდან.

იმათთვის, ვინაც წინ მიგვიძღვოდა ჩვენ,
პოეზია გახლდათ ფუფუნება;
ჩვენთვის კი იგი — პური და წყალია
და წარმოუდგენელია ცხოვრება უმისოდ.
პატივისცემით უნდა მოგახსენოთ -
წინაპრებისგან განსხვავებით -
ჩვენ მიგვაჩნია:
ალქიმიკოსი როდია პოეტი,
იგიც სხვასავით ადამიანია,
იგი კალატოზია სახლის მშენებელი,
იგია მშენებელი, რომელიც კედელში
ფართო კარებს და ფანჯარას ჰკვეთს.
ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ
ჩვენი დღეების უბრალო ენაზე,
კაბალისტიკის არ გვწამს არაფერი.
და კიდევ ერთი:
დედამიწაზე იმისათვის არსებობს პოეტი,
რათა ხე მრუდედ არ ამოიზარდოს აროდეს.